ხუთი მიუტევებელი შეცდომა

04
ივლ

ხუთი მიუტევებელი შეცდომა

თქვენ ახლა მეტყვით, რატომ ვწერ კვლავ შეცდომებზე. პასუხი მარტივია და ჯერ კიდევ დავით გურამიშვილმა გაგვცა - „ჯერ მწარე ჭამე, კვლავ ტკბილი“ - უმჯობესია ყველა საფრთხე ვიცოდეთ და სხვის შეცდომებზე ვისწავლოთ, რათა რემონტი ან მშენებლობა ჩვენი ცხოვრების ყველაზე დიდ იმედგაცრუებად არ გვექცეს.

მაშ ასე, 5 მიუტევებელი შეცდომა, რომელიც შეგვიძლია დავუშვათ სახლის მშენებლობის ან რემონტის დროს!

მშენებლობა პროექტის გარეშე

ეკონომიის მიზნით არ შეუკვეთო მშენებლობის პროექტი - ისეთივე სისულელეა, როგორიც მაგალითად, ფული დაგენანოს და სტომატოლოგს არ ეწვიო. გგონიათ კბილის ტკივილი უპროექტო მშენებლობაზე მტკივნეულია? არავითარ შემთხვევაში, კბილს საბოლოოდ ამოიღებ და უპროექტოდ აშენებულ სახლს რას უზამ? სამჯერ მეტს დახარჯავ და გადააკეთებ? არის შემთხვევები რომ ვერც გადააკეთებ.

ნუ ჩახატავთ თქვენს მომავალ სახლს ცალხაზიან რვეულში. არ ენდოთ მათ, ვინც ასე იქცევა. ნუ დაიქირავებთ ისეთ ბრიგადას, რომელიც არ მოგთხოვთ პროექტს.

თუ ასე მოიქცევით, კედლებზე ღრმა ნაპრალები, და ჩამოვარდნილი ჭერი ნუ გაგიკვირდებათ. ასეთ სახლს ვერც გაათბობთ, ვერც გააგრილებთ და რაღა დაგიმალოთ, ვერც იცხოვრებთ მანდ.

დატოვო ბრიგადა მეთვალყურეობის გარეშე

არა, მე არ ვამბობ, რომ თქვენ უნდა დაადგეთ თავზე ხელოსნებს და „იპრარაბოთ“. თქვენ, როგორც მე, ამ საქმისა არაფერი გაგეგებათ. მოგატყუებენ. აუცილებლად. იმიტომ რომ ბრიგადას ერთი სურვილი აქვს - მალე ჩაგაბაროთ ობიექტი და ახალი დაიწყოს. ამიტომ, თუ მაღალი დონის ინჟინერი არ ხართ, შეეშვით ხელოსნების დევნას და დაიქირავეთ სპეციალისტი - ტექნიკური ზედამხედველობის ინჟინერი. აუცილებელი დეტალი! ინჟინერი არ უნდა იცნობდეს ბრიგადას და იყოს დამოუკიდებელი.

მშენებლობა სხვისი პროექტის მიხედვით

საძირკველის სიმყარე დამოკიდებულია გრუნტის თავისებურებაზე. მარტივად რომ ავხსნა: ქვიშისებრი გრუნტი ერთ პროექტს მოითხოვს, თიხის - მეორეს და ტორფის მესამეს. ამიტომ, თუ არ გსურთ თქვენი სახლი დაცურდეს ან სულაც დაინგრეს, დაივიწყეთ „სხვისი პროექტი“

შეცდომა ზომებში

ახლა რთულ რაღაცას გეტყვით. შესაძლებელია ვერ გაიგოთ, მაგრამ დამიჯერეთ. სახლის ზომა ღერძების ზომებით იზომება. ეს ღერძები კედლების შუას მიუყვება და უფრო დიდია ვიდრე გაბარიტული ზომა. დაბალი კვალიფიკაციის ბრიგადებმა ეს არ იციან და არ აქცევენ ყურადღებას. შედეგად, ვიღებთ უფრო პატარა სახლს ვიდრე გვინდოდა. გამოსავალი - დაიქირავეთ მაღალი დონის სპეციალისტები

და ბოლოს - დაბალი ხარისხის სამშენებლო მასალები

ეკონომია სამშენებლო მასალებზე ძალიან ცუდი იდეაა. გარდა იმისა, რომ დაბალი ხარისხის მასალები გაგიზრდით ხარჯს - დასრულებული რემონტი ან მშენებლობა თავიდან საკეთებელი გაგიხდებათ, ასეთი მასალები ტოქსიკურია და ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიში!