სააბაზანო ოთახის რემონტი

17
ივლ

სააბაზანო ოთახის რემონტი

სააბაზანო ოთახის რემონტი

დღეს აბაზანას ბინის დიზაინში დიდი დატვირთვა აქვს. ის უკვე აღარ არის „დამხმარე სათავსო“, პირიქით, ცენტრალურ სივრცედაც შეგვიძლია ვაქციოთ და აბაზანა სულაც სასტუმრო ოთახის სივრცეში დავდგათ!

თუმცა არ გვინდა უკიდურესობები. საკმარისია გემოვნებით მოვაწყოთ სააბაზანო ოთახი და ის რელაქსისთვის საუკეთესო ადგილად გვექცევა. 

ამისთის კი აუცილებლად უნდა გვყავდეს სპეციალისტი. ნუ გადაწყვეტთ სააბაზანოს თვითნებურად მოწყობას. დაიქირავეთ დიზაინერი და ყური დაუგდეთ მის რჩევებს.

ახლა რამოდენიმე სიტყვით სააბაზანო ფილაზე:

დღეს მაღაზიებში წარმოდგენილია უკვე „აწყობილი“ აბაზანის ნიმუშები. ფილების ნახატიც, განლაგებაც დასრულებული სახით შეგვიძლია ვიხილოთ. ეს ძალიან გვეხმარება არჩევანში. 

გვახსოვდეს რომ სააბაზანოს ცენტრი პირსაბანია. ის ყველაზე ხშირად მოხმარებადი ადგილია, ამიტომ, ლოგიკურია რომ ყველაზე „ხასხასა“ სურათი ზუსტად ამ პირსაბანის ირგვლივ უნდა იყოს. თუმცა ხშირად პირსაბანი შესასვლელიდან მარცხნივ ან მარჯვნივ არის განლაგებული, ამიტომ, ეფექტური უნდა იყოს ის კედელი, რომელსაც ჩვენ შესვლისთანავე ვხედავთ. 

პირსაბანს ხშირად სარკით აფორმებენ. ვგულისხმობ არა პატარა სტანდარტულ სარკეს, არამედ დიდს, ჭერამდე, განათებებითა და სხვა ელემენტებით. 

მოდურია ერთი ფერის ფილა, დეკორატიული ფრიზებით, თუმცა ახლა პოპულარობას იკრებს ვინტაჟური სტილი სადაც კედლები ხელოვნურად დაძველებულია და ფილაც ვითომ „ჩამოცვენილი“

წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც სააბაზანო თეთრი, ცისფერი ან „ბეჟი“ უნდა ყოფილიყო.იყავით თამამი და ნუ შეგეშინდებათ ექსპერიმენტების - მაგალითად სტანდარტული აბაზანის მაგივრად შეგიძლიათ ფეხებზე შემდგარი აბაზანა დადგათ ისე, რომ გვედები ფილაში არ ჩასვათ.

ასევე მოდურია არა ფილის არამედ წყალგამძლე ხის იატაკი. მთლიანობაში აბაზანა ახლა უფრო ოთახს გავს, ვიდრე ადგილს სადაც მხოლოდ ჰიგიენურ პროცედურებს იტარებენ.

ჭერის შერჩევისას მიაქციეთ ყურადღება შეკიდული ჭერების ხარისხს. შეკიდული ჭერის ნაკლია, ის რომ მის შიგნით შეიძლება ნესტი დაგროვდეს და შემდეგ ობი მოედოს. ამიტომ მასალა უნდა იყოს „მსუნთქავი“

ასევე შეგიძლიათ ჭერიც შესაბამისი ფილით მოაპირკეთოთ ან წყალგამძლე საღებავით შეღებოთ. 

დავდგათ თუ არა უნიტაზი სააბაზანოში? ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი ფართის განკარგვა შეგიძლიათ. თუ ფართი ხელს გიწყობთ და ცალკე ტუალეტის გაკეთება შეგიძლიათ, უმჯობესია სააბაზანო და ტუალეტი გამიჯნული იყოს. 

ცალკე განხილვის საგანია განათება, რომელზეც შემდეგ ბლოგში ვისაუბრებთ.